თეგი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებს, რომ მის შესახებ ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაის მოუწოდებს, სააკაშვილის შესახებ ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს. „მინდა მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით. მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს - ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა. თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან. ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს - ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს!“ - აცხადებს სააკაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მასალებს გავასაჯაროებთ, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტი ლონდა თოლორაიას მოუწოდებს, ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს, განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი (რასაც სამსახური პატივს სცემს), საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით. მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი. „სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით, უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი. სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებს, რომ მის შესახებ ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს.

ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე ეუთო/ოდირის-გან მიღებულ პასუხებს აქვეყნებს

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები, ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე. ლომჯარიას თქმით, აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად გადაუგზავნეს. „2022 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით მიმართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ეუთო/ოდირს). გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა ვითხოვეთ. 2022 წლის 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები და ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე. 2022 წლის 19 თებერვალს აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა გადავუგზავნეთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად“, – აცხადებს ნინო ლომჯარია. მისივე განმარტებით, იმედს იტოვებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის მოსაზრების ყველა ასპექტს, პირველ ეტაპზე შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მას. „ეუთო/ოდირის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით, ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ეუთო/ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, რადგან საფთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტურობას და ასევე საგამოძიებო ორგანოს მანდატი ფართოვდება ისეთი დანაშაულებით (შესაბამისი ფინანსური რესურსის გაზრდის გარეშე), რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს ქვემდებარე აქამდე. ეუთო/ოდირმა სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის აღსანიშნავია: აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა; იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება, დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე; ეუთო/ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა (გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ. ეუთო/ოდირის შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს. საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტსა და მექანიზმს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და მათ დაცვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება. ეუთო/ოდირის მოწვევაც ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯია. ეუთო/ოდირის სამართლებრივი შეფასება ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზეც უახლოეს მომავალში“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ევროკავშირის ელჩი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან კახეთში გააკეთა. კარლ ჰარცელის თქმით, ამ სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს სათანადოდ ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს. ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი ჩადო. ამასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატა არამხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერომ, ევროპის საბჭომ", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები. მისი თქმით, ეუთო/ოდირი ითხოვს, შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ეუთო/ოდირის მოთხოვნაა, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე. კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. შესაბამისად, პირველი მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. 7 თებერვალს, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, რის შემდეგაც იმედი გამოთქვა, რომ ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დასრულდება, ვიდრე ახალი დანიშვნები მოხდება. ასევე წაიკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს ლონდა თოლორაია: ეს არის სადამსჯელო ოპერაცია სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია სიურპრიზი იყო კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა. შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს